
გორს ქართული პოლიცია გააკონტროლებს
14 აგვისტოს დილიდან ქალაქ გორის გაკონტროლებას ქართული პოლიცია დაიწყებს, რაც მისცემს ქალაქიდან გახიზნულ მოსახლეობას უკან დაბრუნების საშუალებას, განაცხადა ქალაქის პოლიციის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ.
დღეს გორს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია სტუმრობდა. მან რადიო ”იმედს” განუცხადა, რომ უკვე 15 აგვისტოდან რუსი სამხედროები მთლიანად დატოვებენ გორის შემოგარენს.
მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროები გამოჩნდნენ გორში, თითქმის ევაკუირებულ ქალაქში გახშირდა ძარცვის და დაყაჩაღების, ასევე მარადიორობის შემთხვევები. თუმცა საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ამ ქმედებებში რუსი სამხედროები არ მონაწილეობდნენ.
დღეს გორში ასევე ჩავიდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და თავად დაზარალებულებისაგან და თვითმხილველებისაგან მოიპოვა ინფორმაცია იქ მომხდარი კრიმინალური ფაქტების შესახებ. მისი თქმით, მოსახლეობის განცხადებით ადგილი ჰქონდა ადამიანების გატაცებას, ძარცვას და დაყაჩაღებას, იყო ასევე დახვრეტის ფაქტებიც.
”ამ ინფორმაციებს ჩვენ შევისწავლით და შესაბამის დოკუმენტს მოვამზადებთ”, – განუცხადა Civil.Ge-ს სოზარ სუბარმა.