
ახლა 1968 წელი არ არის – მიმართავს რაისი რუსეთს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ის, რაც რუსეთმა გააკეთა ”გადააჭარბა ყველაფერს იმას, რისი გაკეთებაცაა საჭირო” მისი სამშვიდობოების და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დასაცავად, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 13 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მკაცრ განცხადებაში, რომელსაც რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება, რაისმა აღნიშნა: ”ეს არ არის 1968 წელი და ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა, სადაც რუსული ტანკი დაემუქრა მის მეზობლებს, დაიკავა დედაქალაქი, ჩამოაგდო მთავრობა და შერჩა ეს; ვითარება შეიცვალა”.
”როდესაც იწყებ პორტების დაბომბვას და გორის მსგავსი ქალაქების დაბომბვას… ეს აღემატება ყველაფერს იმას, რისი გაკეთებაცაა საჭირო რუსი სამშვიდობოების დასაცავად და სწორედ ამიტომაც რუსეთმა მიიღო საერთაშორისო დაგმობა იმისათვის, რასაც აკეთებს”.
რაისმა კვლავ მოუწოდა რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ”ეს ოპერაცია უნდა შეჩერდეს და უნდა შეჩერდეს ახლა,” – განაცხადა მან.
მან ასევე უარყო, რომ აშშ-ს საზღვაო და სამხედრო ძალების გამოგზავნა საქართველოში ჰუმანიტარული დახმარებით იმის ნიშანია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ძირითად ობიექტებზე კონტროლის დამყარებას გეგმავს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა CNN-ს განუცხადა რაისის პრესკონფერენციიდან ცოტა ხანში, რომ იგი კმაყოფილია მისი რიტორიკით. ”ის აბსოლუტურად სწორია; ეს არის 1968 წლის გამეორების მცდელობა,” – განაცხადა სააკაშვილმა.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 13 აგვისტოს: ”რუსეთმა გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ სახიფათო თამაშს თამაშობს”.
მან დასძინა, რომ მოსკოვი აფრთხილებდა ვაშინგტონს საქართველოს შეიარაღების წინააღმდეგ, რომელიც, ლავროვის თქმით, სამხედრო ავანტურიზმზე ფიქრობდა.