ახალი ამბები

სააკაშვილი კონფლიქტის სამხედრო ასპექტებზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, რომ ქართულ ძალებს სურდათ რუსული ძალების შეჩერება საზღვარზე, ”თუმცა დაგვაგვიანდა”.

სააკაშვილმა მანამდე 13 აგვისტოს უცხოელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილი იყო რუსული ძალების შეჩერება როკის გვირაბთან, რომელიც თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთს უკავშირებს.

”ხოლო როცა ცხინვალთან მივიდნენ, მათ უკვე შეეძლოთ დედაქალაქისკენ წამოსვლა. ჩვენ შევეცადეთ მათ შეჩერებას მთებში ცხინვალამდე, მაგრამ ძალიან დაგვაგვიანდა და ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ,” – განაცხადა სააკაშვილმა მისი პრეს-სამსახურის მიერ მოწოდებული ჩანაწერის თანახმად.

”ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი საზღვარზე იყვნენ, მაგრამ როდესაც 150 [რუსულმა] ტანკმა დაიწყო შემოსვლა, ჩვენ ისინი ან ხიდამდე უნდა გაგვეჩერებინა, როკის გვირაბთან ან ისინი ცხინვალში შევიდოდნენ  და ყველგან შევიდოდნენ,” – განაცხადა მან.

მოგვიანებით იმავე დღეს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში ერისადმი, სააკაშვილი შეეცადა უფრო ოპტიმისტური ყოფილიყო და განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, ბევრად უფრო სერიოზული, ვიდრე ქართულმა არმიამ. 

”რუსებს შეხვდათ წარმოუდგენელი წინააღმდეგობა საქართველოს შეიარაღებული ძალების და ეს არ არის ჩემი ტრაბახი,” – განაცხადა მან. ”რუსეთმა დაკარგა უფრო მეტი თვითმფრინავი, ვიდრე დაკარგა ნებისმიერ ამ მასშტაბის კონფლიქტში 1939 წლის შემდეგ”.

მან ასევე განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დროს 400 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ”ყველაზე კონსერვატიული შეფასებებით”.

”ამგვარად, ამ დანაკარგმა სერიოზულად დააფიქრა რუსეთის ხელმძღვანელობა იმის შესახებ, ღირდა თუ არა ჯარის შემოყვანა თბილისში, როგორც ეს იყო წინასწარ გეგმაში,” – განაცხადა სააკაშვილმა.

თუმცა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ 74 რუსი სამხედრო იქნა მოკლული და 171 დაჭრილი; 19 სამხედრო კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა 13 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, ”მე გავიგე, რომ საქართველომ 4,000 სამხედრო დაკარგა”.

თუმცა, სააკაშვილმა განაცადა, რომ საქართველომ ”რამოდენიმე ათეული ჯარისკაცი დაკარგა”.

მისი თქმით, გორის და რეგიონის სხვა ადგილების დატოვება მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს იყო საჭირო მანევრი ”ჩვენი შეიარაღებული ძალების გადასარჩენად”.

 

Back to top button