
რუსეთი ტყვეების და მოკლულთა გაცვლას თავაზობს
რუსეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებულმა შტაბმა შეთავაზა ქართულ მხარეს ტყვედ ჩავარდნილთა და ასევე მოკლულთა გვამების გაცვლა, იუწყებს ”ინტერფაქსი”.
”ჩვენ შევთავაზეთ ქართულ მხარეს სია სიაზე გაცვლის ვარიანტი,”- განაცხადა რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 13 აგვისტოს, ”თითოეული მხარე შეისწავლის ვინაა სიაში და შემდეგ ჩვენ გამოვარკვევთ უგზოუკვლოდ დაკარგულთა შესახებ, რომლებიც შესაძლოა ტყვედ იყვნენ ჩავარდნილები ან სხვა მიმართულებით”.
ქართული მხრიდან ტყვეების გაცვლის პროცესს კურირებს სახელმწიფო მინისტრი რეინტერგაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. მისი თქმით, პრაქტიკული თვალსაზრისით ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულია ”ტყვეების გაცვლა; თუ საერთოდ არიან, გვამების გამოტანა და იმათი წესითა და რიგით დაკრძალვა და ასევე ჰუმანიტარული კორიდორის შექმნა იქ [ცხინვალის რეგიონში] დარჩენილი ხალხისთვის”.
ნოგოვიცინის ინფორმაციით, მათ მხარეს 74 სამხედროა მოკლული და 171 დაჭრილი, ხოლო 19 უგზოუკვლოდ არის დაკარგული. მისი თქმით, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ქართულ მხარეს დაღუპულთა შესახებ. ”მე გავიგე 4 ათასს ადამიანზე,”- განაცხადა მან.
თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობამ 175 მიაღწია. თუმცა ეს მონაცემი მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში მოხვედრილ გარდაცვლილთა რაოდენობას მოიცავს.