ახალი ამბები

რუსეთი პირობებს აყენებს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეწყვიტა საქართველოში წარმოებული სამხედრო ოპერაცია, რისი საბოლოო შედეგიც უნდა გახდეს თბილისის მიერ მოსკოვის ორი პირობის შესრულება  –  ქართული ჯარის დემილიტარიზაცია და ძალის არ გამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა.

”ჩვენ შეგვიძლია ახლა გადავჭრათ საბოლოო დარეგულირების საკითხები ორი პირობის შესრულებასთან ერთად: პირველი ეს არის ქართული ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნება, ამ ძალების სრული დემილიტარიზაცია, და მეორე პირობა ესაა იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა ძალის არ გამოყენების თაობაზე, რაზედაც მუშაობდა ფრანგული მხარე.  კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ ამ საკითხები პროდუქტიულ განხილვას,”- განაცხადა 12 აგვისტოს მედვედევმა.

ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მეთაური საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დასარეგულირებლად საშუამავლო მისიით მოსკოვს სტუმრობს. სარკოზი დღეს საღამოს თბილისშიც ჩამოდის.

”რუსეთის მხარის განცხადება საომარი მოქმედებები შეწყვეტაზე ეს სიახლეა, რომელსაც ველით. შენ მე ამის შესახებ მითხარი და ვფიქრობ, რომ ეს კარგი ამბების დადასტურებაა. ახლა საჭიროა სინამდვილეში განხორციელდეს ცეცხლის შეწყვეტა,”- განუცხადა სარკოზიმ მის რუს კოლეგას.

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საფრანგეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ამ დოკუმენტს თბილისში ხელი მოაწერა ასევე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 აგვისტოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  თბილისში ვიზიტის დროს.

მედვედევმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსული ოპერაცია მიზნად ისახავდა მისი მოქალაქეების დაცვას სამხრეთ ოსეთში და თბილისის მშვიდობისკენ იძულებას.

”სრულიად ნორმალურია, რომ რუსეთს სურს საკუთარი ინტერესების დაცვა და თავისი თანამემამულეების რუსეთში ისევე, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები რუსულ ენოვანი მოსახლეობის,”- განაცხადა თავის მხრივ სარკოზიმ.

თუმცა მან ასევე აღნიშნა: ”ასევე ნორმალურია, რომ თავის მხრივ საერთაშორისო საზოგადოებას სურს დაიცვას და უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება”.

”მინდა, რომ ჩვენმა რუსმა მეგობრებმა გაიგონ, რომ რაც საფრანგეთს და ევროპას სურს  – მშვიდობაა,”- აღნიშნა მან, ”და ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიხმართ, რომ ამას მივაღწიოთ”.

Back to top button