
საქართველო აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებს
საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად დააკანონებს, თუმცა ამ ტერიტორიების დაკარგვას არასოდეს არ შეურიგდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას.
”ებრაელ ერს ჰქონდა თავისი მიზანი – ეს იყო იერუსალიმი. 2 ათასი წლის მანძილზე ებრაელი ერი ატარებდა იერუსალიმს, როგორც თავისი არსებობის უზენაეს მიზანს. დღეს საქართველოს უზენაესი მიზანია ცხინვალი და სოხუმი და ქართველმა ერმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის ისეთივე ღირსებით ატარებს ამ მიზანს, როგორც იერუსალიმი ატარა ებრაელმა ერმა 2 ათასი წლის მანძილზე. ჩვენ არ დაგვჭირდება 2 ათასი წლის ლოდინი, მაგრამ რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს – 1 წელი, 2 წელი, 10 წელი, 100 წელი, 500 წელი – ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ის რაც მოხდა, არავის არ შერჩება,”- განაცხადა მან თავის ემოციურ გამოსვლაში.
მისი თქმით, პარლამენტის სპეციალური ინტერფრაქციული ჯგუფი მოამზადებს საკანონმდებლო აქტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
”საქართველოს ყველა ის ტერიტორია, საქართველოს მიწის ყველა ის კვადრატული მეტრი, სადაც იმყოფებიან რუსული შეიარაღებული ჯარები უნდა გამოცხადდეს ოკუპირებულ ტერიტორიად,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”საქართველოს სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების გაწმენდა და ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთება”.
კოდორის ხეობაში, რომელიც ერთადერთი ნაწილია აფხაზეთის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, ქართულ ძალებს უტევენ. გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში რუსული ძალების კონტროლ ქვეშაა დარჩენილი. რაც შეეხება სამეგრელოს რეგიონს, მათ შორის ფოთს და ზუგდიდს, გავრცელებული ინფორმაციით, იქ გუშინ შესული რუსული ძალები უკვე აღარ დგანან.
ამასთან, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ”ჩვენ მოვახერხეთ არ დაგვეშვა ბოლომდე რუსული გეგმები”.
”ჩვენი ამოცანაა ეს 5 დღე რაც შეიძლება ძვირად დავუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა და ეს ძვირად დასმა არ წყდება მხოლოდ დღეს და არ წყდება მხოლოდ ხვალ. ეს ძვირად დასმა უნდა გრძელდებოდეს მთელი მომავალი წლების განმავლობაში,”- განაცხადა მან, "ეს არ არის გატეხილი ადამიანის პოზიცია, ჩვენ არ გავტეხილვართ, ჩვენ არ წაგვიგია, ეს არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც გრძნობს ტკივილს, რაც ამ ქვეყანაში მოხდა,”- განაცხადა მან.