
თბილისი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ევროპის მიერ შემოთავაზებულ გარიგებას თანხმდება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა ევროპელი დიპლომატების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემოთავაზებულ გარიგებას.
საფრანგეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბერნარ კუშნერი და ალექსანდრე სტუბი გუშინ ღამით და დღეს დილით, მოსკოვში გამგზავრებამდე პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ.
”ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი რუსი მეგობრები, ისე როგორც დავარწმუნეთ ჩვენი ქართველი მეგობრები,” – განაცხადა კუშნერმა BBC-თან ინტერვიუში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
კითხვაზე რა იქნება მისი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილი მოსკოვისადმი, კუშნერმა უპასუხა: ”მშვიდობ ა; შეწყვიტეთ სისხლისღვრა”.
”ევროკავშირის მოვალეობაა შეაჩეროს ეს სისხლიანი მკვლელობები ზუსტად ევროკავშირის კარებთან,” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ დღეს ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე ”გუშინ ვიყავი”.
”ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ გვჭირდება ძალების გამოყვანა და ამის შემდეგ შევძლებთ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ წასვლას,” – განაცხადა მან BBC-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მხარეები უნდა დაუბრუნდნენ იმ სიტუაციას, რომელშიც ისინი კონფლიქტამდე იმყოფებოდნენ. ეს ფაქტიურად ნიშნავს 6 აგვისტოს სტატუს ქვოს დაბრუნებას. ამისაკენ მოუწოდა ასევე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.
”ჩვენ დავიწყებთ ცეცხლის შეწყვეტით; ვიმუშავებთ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, რადგანაც ორივე მხარეს არის ხალხი, რომელსაც დახმარება სჭირდება,” – განაგრძო სტუბმა და დასძინა, რომ მხოლოდ ამ ეტაპების შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის განხილვა, თუ რა ტიპის სამშვიდობო ფორმატი შეიძლება შემოღებულ იქნას ადგილზე.
”ვერ ვიტყვი, რომ ეს დღეს დასრულდება, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს მომავალში შეთანხმება შედგება; ეს დღეს მოხდება, ხვალ თუ ზეგ – არა მგონია ამ ეტაპზე ეს ვინმემ იცოდეს,” – განაცხადა მან, ”აქ, თბილისში კარგი დასაწყისი გვქონდა და დროა მოსკოვისკენ დავიძრათ, ვნახოთ, მათ რა აქვთ სათქმელი”.
ორივე საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე ეწვია გორს, სადაც რუსეთის საჰაერო ძალების მიერ დაბომბილი ქალაქი მოინახულა.