skip to content
ახალი ამბები

სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ სტაბილური – შსს

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაცია დაძაბულია, თუმცა სტაბილური, განაცხადა მთავრობის საინფორმაციო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ.

მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები კვლავ დგანან ცხინვალის სამხრეთით თავდაცვით პოზიციებზე, ხოლო ზემო აფხაზეთში ქართული საპოლიციო და საჯარისო შენაერთები ასევე ინარჩუნებენ პოზიციებს მას შემდეგ, რაც წარმატებით მოიგერიეს აფხაზური მხრიდან ყველა შეტევა.

მისი ინფორმაციით, სიმშვიდეა ასევე კონფლიქტისპირა გორში და ასევე ზუგდიდში. დღეს დილით ზუგდიდში რუსული სამშვიდობო ძალების სარდალმა სერგეი ჩაბანმა ქართულ პოლიციას იარაღის დაყრა მოსთხოვა. თუმცა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ქართულმა მხარემ უარი თქვა.

”ამ ულტიმატუმს არაფერი არ მოჰყვა. პოლიციელები აგრძელებენ ზუგდიდში მუშაობას,”- განაცხადა ზღულაძემ.

მან დეზინფორმაცია უწოდა დღეს ცხინვალის დაბომბვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ასევე ცნობას, თითქოს რუსული მოიერიშე თვითმფრინავები სომხეთში განთავსებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზიდანაც შემოფრინდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში.

”ეს ინფორმაცია უკვე კატეგორიულად უარყო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ,”- აღნიშნა მან.

ზღულაძემ ასევე აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ გუშინ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და დღეს გამთენიისას სამოქალაქო რადიოლოკაციური სადგური დაიბომბა მუშაობას აგრძელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

”შეიძლება გარკვეული შეფერხებები იყოს, მაგრამ მთლიანობაში აეროპორტის ქმედითუნარიანობას საფრთხე არ ემუქრება,”- აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ გრძელდება ქართულ ელექტრონულ სივრცეზე შეტევა, დაბლოკილია ქართული საინფორმაციო და სამთავრობო  ვებ-გვერდები.

”ამჟამად მიმდინარეობს ქართული ვებ-გვერდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა  და ყველა ქართული ვებ-გვერდი, რომელიც დროებით შეჩერებულია, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას,”- განაცხადა ზღულაძემ.

იმავდროულად, მისი ინფორმაციით, საქართველო ამზადებს სარჩელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად რუსეთის წინააღმდეგ.

”სარჩელი 1992 წლიდან აფხაზეთში ქართველების გენოციდის ფაქტით დაწყებული დღევანდელ მოვლენებამდე სრულყოფილად მოიცავს რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე,”- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი/Related

Back to top button