
საქართველოში მშვიდობის იძულების ოპერაციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია – მედვედევი
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, იუწყება ”ინტერფაქსი”.
ეს განცხადება მედვედევმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან და თავდაცვის მინიტრთან ანატოლი სერდიუკოვთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.
”ცხინვალი აყვანილია რუსული სამშვიდობო კონტიგენტის გაძლიერებულ კონტროლზე,”- განაცხადა მედვედევმა, ”ჩვენ – მე მხედველობაში მყავს რუსი სამშვიდობოები – კვლავაც მივიღებთ ყველა ჩვენზე დამოკიდებულ ზომებს რუსი მოქალაქეების სიცოცხლისა და ღირსების დასაცავად”.
კრემლის განცხადებით, საქართველომ თავისი ”აგრესიით” მოშალა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესი.
”ასეთ ვითარებაში, რეალურად, საქართველოს ხელმძღვანელობამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საკუთარი ქვეყნის მთლიანობას,”- აცხადებს კრემლი მედვედევსა და მის ფრანგ კოლეგას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციაში.
დიმიტრი მედვედევმა 10 აგვისტოს ორი სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან, რომელიც როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ცდილობს იშუამავლოს თბილისსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.
მოსკოვის მოთხოვნაა, რომ საქართველომ გაიყვანოს თავისი ძალები და ხელი მოაწეროს შეთანხმებას თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან ძალის არ გამოყენების თაობაზე. ”ქართულმა მხარემ ეს ქმედებები რაიმე წინასწარი პირობების გარეშე უნდა განახორციელოს,”- აცხადებს კრემლი.