skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის განცხადებით, თბილისის აეროპორტი დაიბომბა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, 10 აგვისტოს 19:00 საათზე რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა.

”შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველომ შესთავაზე რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა, საქართველოში რუსეთის ელჩის საშუალებით, და გამოაცხადა საქართველოს მზადყოფნა დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე,” – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ თბილისზე იერიში ”იძლევა იმ მტკიცებულებას, რომ რუსეთის შემოჭრა საქართველოში მხოლოდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ უკავშირდება”.

”რუსეთის ფედერაციის მიზანი – რომელმაც დღეს ჩვენი საზღვაო პორტები ბლოკადაში მოაქცია და განაგრძობს დასახლებული ტერიტორიების დაბომბვას ქვეყნის მასშტაბით – არის ამ პატარა ევროპული ერის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება,” – განაცხადა ლომაიამ.

მანამდე რადიო ”ფორტუნა” აცხადებდა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე ტერიტორია დაბომბა. რადიოსადგურმა აეროპორტის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჭურვი აეროპორტიდან 5 კმ-ის მოშორებით ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო თბილისის აეროპორტის დაბომბვის ფაქტი და განაცხადა, რომ ეს ”დეზინფორმაციაა”.

მსგავსი/Related

Back to top button