ახალი ამბები

თბილისის თქმით, ცეცხლი შეწყვიტა და მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

საქართველომ განუცხადა რუსეთს, რომ გამოიყვანა შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან და მზადაა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და საბრძოლო მოქმედებები დასრულების თაობაზე.

შესაბამისი ნოტა დღეს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს გადაეცა საქართველოს საგარეო უწყებაში.

”ქართული მხარე ამცნობს რუსულ მხარეს თავისი მზადყოფნის შესახებ დაუყოვნებლივ დაიწყოს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შესახებ,”- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 10 აგვისტოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ცხინვალის რეგიონში 10 აგვისტოს დილის 5 საათზე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეწყვიტეს ცეცხლი ცხინვალის რეგიონში.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად იქნა გამოყვანილი კონფლიქტის ზონიდან, ნათქვამია საგარეო უწყების ცნობაში, ქართულმა მხარემ ცხინვალის სამხრეთით გახსნა ჰუმანიტარული კორიდორი და მშვიდობიან მოსახლეობას და დაჭრილებს შესაძლებლობა მისცა დატოვონ კონფლიქტის ზონა.

 

 

Back to top button