ახალი ამბები

გორის მისადგომები დაიბომბა

ქალაქ გორის შესასვლელთან, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ საავტომობილო ტრასასთან აფეთქება მოხდა. ”როიტერის” მიერ გადაღებული აფეთქების კადრები ქართულმა ტელეკომპანიებმა გაუშვეს.

ზარალზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გორში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის განცხადებით, რამდენიმე ბომბი ქალაქშიც ჩამოაგდეს, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

9 აგვისტოს ღამით გორი მასიური საჰაერო შეტევის სამიზნე გახდა.

იმავდროულად, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა 15:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმ დროისთვის სამხრეთ ოსეთში ”რაიმე სერიოზული სამხედრო ოპერაცია” არ მიმდინარეობდა, კერძოდ ცხინვალის მიდამოებში. 

10 აგვისტოს დილით ადრე ქართულმა ძალებმა ცხინვალი დატოვეს.

თუმცა, იაკობაშვილის თქმით, ეს იყო ქართული ძალების გადაჯგუფების ტაქტიკური ნაბიჯი მათი უკეთესად განლაგებისთვის.

”უკან დახევა და დამარცხება არ არის შესაფერისი სიტყვები ქართული ძალების მანევრების აღსაწერად,” – განაცხადა, ”ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას”.

Back to top button