
მოსკოვი საქართველოს ”გენოციდში” ადანაშაულებს
რუსეთის თქმით, 2,000 ეთნიკური ოსი მოქალაქე დაიღუპა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე. რაც მისი თქმით, გენოციდის ტოლფასია.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განუცხადა პრეზიდენტ მედვედევს, რომ ოსი ლტოლვილების ინფორმაციით, რომელთაც ის ვლადიკავკაზში შეხვდა, ისინი ”გენოციდის” მსხვერპლნი არიან.
პუტინი მედვედევს 9 აგვისტოს ღამით შეხვდა ჩრდილოეთ ოსეთში ჩასვლის შემდეგ.
”ის, რასაც ისინი ყვებიან, ისინი ეპიზოდები, რასაც ისინი ყვებიან, სცდება საომარი ქმედებების გაგებას. ეს უკვე სამხრეთ ოსი ხალხის გენოციდის ელემენტებია… აშკარა დანაშაული, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი,” – განაცხადა პუტინმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ”სწორი იქნება, თუ თქვენ დაავალებთ სამხედრო პროკურატურას დოკუმენტურად გაამყაროს ამგვარი შემთხვევები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან”.
”მე რა თქმა უნდა გავცემ ამ დავალებას,” – უპასუხა მედვედევმა. ”რადგანაც პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა. საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ბედს. ყველა ჩადენილი დანაშაული დოკუმენტებით უნდა გამყარდეს, მათი ზედმიწევნით ანალიზი უნდა განხორციელდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”.
ამავდროულად, რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომ მოსკოვს მიაჩნია, რომ ეს იყო ოსი ხალხის გენოციდი.
”საბჭოს ერთმა წევრმა განხილვების დროს იკითხა: როგორ ფიქრობთ, იყო ეს გენოციდი და მე ვუთხარი, რომ ეს პატარა ერია – 100,000 ან ცოტათი მეტი – 2,000 მოკლეს; არ არის ეს თქვენთვის საკმარისი? 30,000 ლტოლვილია; არ არის ეს თვქნთვის საკმარისი?”
”რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ თქვენ ეს გენოციდად შეაფასოთ? ოსები ამას გენოციდად აშკარა მიზეზების გამო მიიჩნევენ; ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა მათთვის, როდესაც მათი დედაქალაქი განადგურებულია; ამიტომ, ჩვენ ეს მიგვაჩნია იმად, რასაც გენოციდის ელემენტები გააჩნია”.
ოფიციალური თბილისის თქმით, რუსეთის უსაფუძვლო ბრალდება არის საბჭოთა-ტიპის მცდელობა, რათა გაამართლოს მისი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
This post is also available in: English