ახალი ამბები

ინტენსიური ღამის ბრძოლების შემდეგ ქართული ძალების ”გადაჯგუფება” ხდება

ქართული ძალები გადაჯგუფებას ახდენენ და ახალ პოზიციებს იკავებენ ცხინვალის სიახლოვეს, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ 10 აგვისტოს დილის 10 საათზე.

9 აგვისტოს საღამოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამთავრობო ძალები ცხინვალს აკონტროლებდნენ. დღეს დილით პრესკონფერენციაზე საუბრისას ლომაიამ განაცხადა, რომ 9 აგვისტოს მთელი დღის მანძილზე ქართული ძალები ცხინვალს აკონტროლებდნენ.

მისი თქმით, სიტუაცია ღამით შეიცვალა, როდესაც ცხინვალმა რუსეთმა ინტენსიურად დაბომბა. ”როგორც ჩვენი სამხედრო მეთაურები ამბობენ, ცხინვალი მთლიანად განადგურებულია,” – განაცხადა ლომაიამ.

მისი თქმით, ღამით 10 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ ”ათობით სამხედრო ტექნიკის ერთეული გამოაგზავნა, მათ შორის ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჭურვები” როკის გვირაბის გავლით.

”მათ ძალების მობილიზება მოახდინეს ჯავაში და მთელი ღამის განმავლობაში ქართული ძალების პოზიციებს ბომბავდნენ,” – განაცხადა ლომაიამ. 

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ”უპრეცედენტო მასშტაბების სამხედრო აგრესია”.

10 აგვისტოს ღამით რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოაგდეს 31-ე ქარხნის ტერიტორიის მახლობლად. არავინ დაშავებულა.

ლომაიას თქმით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთას მახლობლად განახორციელეს საჰაერო თავდასხმა. ”სავარაუდოდ, შეტევის სამიზნე იყო მობილური სატელეფონო გადამცემები,” – განაცხადა მან.

ლომაიას თქმით, ასევე განხორციელდა საჰაერო თავდასხმა ზემო კოდორის ხეობის სოფლებზე, აჟარასა და გენწვისზე 10 აგვისტოს ღამით.

ამავდროულად, რეინტერგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებენ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რათა მოაწყონ ”ჰუმანიტარული კორიდორი, რათა მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქიდან გამოსვლის შესაძლებლობა მიეცეს”.  

 

 

 

 

Back to top button