
შსს – ქართული ჯარების სამიზნეა ქალაქი ჯავა და როკის გვირაბი
22:00 საათის მონაცემებით ქართული ჯარები მთლიანად აკონტროლებენ ქალაქ ცხინვალს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ცოტახნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ქართული ჯარები მიიწევენ წინ ”ახალი სამიზნეების – ქალაქ ჯავისა და შემდეგ როკის გვირაბის ასაღებად”.
მისი ინფორმაციით, ქართულმა ძალებმა შეძლეს რუსეთიდან შემოსული სატანკო ჯარების და რუსული დესანტის მიერ განხორციელებული შეტევის მოგერიება.
”განადგურებულია რუსული სატანკო ძალების 40 ტანკი და დაახლოებით 60 რუსი მედესანტეა მოკლული. ქართული მხრიდან დაღუპულია 45 ჯარისკაცი და 37 მშვიდობიანი მოქალაქე,” – განაცხადა უტიაშვილმა.
”ქალაქ ცხინვალის ახლომდებარე ყველა სიმაღლეს, მათ შორის თრიაყანას და სარაგოს, ქართული მხარე აკონტროლებს, ასევე სოფელ დმენისს; მთლიანად ჩვენს ხელშია ზნაურის და ახლაგორის რაიონები, დიდი ლიახვის ხეობა. მოგეხსენებათ, ქართულმა ჯარებმა ამ ტერიტორიების უმეტესობა ჯერ კიდევ გუშინ დაიკავეს”,- განაცხადა უტიაშვილმა.
მან ასევე გააკეთა განცხადება დღეს ზემო აფხაზეთის დაბომბვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ინტენსიური დაბომბვების მიუხედავად, არ არიან არც დაჭრილები და არც გარდაცვლილები.