ახალი ამბები

საქართველო ერაყში ძალებს ანახევრებს

თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველო ერაყში განთავსებული ძალების რაოდენობას ანახევრებს, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ.

”ჩვენ უკვე ვაცნობეთ ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, რომ ვაპირებთ ჩვენი კონტინგენტის ნახევრის გამოყვანას ერაყიდან, რადგანაც რუსეთის აგრესიის ქვეშ ვიმყოფებით,” – განუცხადა ლომაიამ ”როიტერს”.

საქართველოს ეს გადაწყვეტილება პირველმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმოვანა 8 აგვისტოს CNN-თან ინტერვიუში.
კითხვაზე რის გაკეთებას სთხოვს ის პრეზიდენტ ბუშს საქართველოსთვის, სააკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველო ახლა იგივე სიტუაციაში იმყოფება, როგორც ფინეთი 1939 წელს, როდესაც მას საბჭოთა კავშირი დაესხა თავს. ”როგორც ჩანს, ავანტიურისტები დაბრუნდნენ… როგორც ჩანს თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს ისევ საფრთხე შეექმნა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ეს არის სიმართლის მომენტი ყველასთვის, პრეზიდენტ ბუშისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვის… ეს ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია ევროპის ისტორიისთვის და გამოღვიძების დროა ყველასთვის,” – დასძინა მან.

Back to top button