ახალი ამბები

სააკაშვილი: თბილისი ცხინვალს აკონტროლებს

8 აგვისტოს ინტენსიური ბრძოლების და რუსული მოიერიშეების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 30-მდე ქართველი დაიღუპა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

თავის სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალი და მთლიანი რეგიონის უმეტესი ნაწილები ქართული ძალების ”სრული კონტროლის” ქვეშ იმყოფება, გარდა ჯავის რაიონისა.

”ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს,” – განაცხადა მან. ”ეს იყო მძიმე და ძალიან რთული ბრძოლა თითოეული შენობისთვის. ჩვენმა ჯარისკაცებმა უზარმაზარი გმირობა გამოიჩინეს”.

დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა ცხინვალში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა, ორივემ განაცხადა, რომ ცხინვალის დიდ ნაწილს ისინი აკონტროლებდნენ.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, მათმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად ქართული ძალების ცხინვალიდან გამოდევნა დაიწყეს და ოთხი ქართული ტანკი გაანადგურეს.

დამოუკიდებელი ინფორმაცია ადგილიდან მიუწვდომელია. 

პრეზიდენტის მიმართვიდან ცოტა ხნის შემდეგ ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ცხინვალში სროლები განახლდა.

ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ დაახლოებით 1,400 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირი, დაიღუპა რეგიონში თვის დასაწყისში დაწყებული ბრძოლების შედეგად. 

შერეული სამშვიდობო ძალების რუსული სარდლობის განცხადებით, 10 რუსი სამშვიდობო დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც ქართულმა ძალებმა რუსული სამშვიდობო ძალების პოზიციები დაცხრილეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიმეორა თავის სატელევიზიო მიმართვაში, რომ საქართველო რუსეთის სამხედრო აგრესიის წინაშე დგას, რაც არის გამოწვევა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც.

 

მსგავსი/Related

Back to top button