
სამხრეთ ოსეთში მშვიდობის დამყარების ქმედებები ხორციელდება – გურგენიძე
ქართული ძალები ახორციელებენ ”ზომებს გარანტირებული მშვიდობის დასამყარებლად” სამხრეთ ოსეთში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 8 აგვისტოს დილით.
”სამთავრობო ძალები იძულებული გახდნენ რეგიონში მშვიდობის დამყარების ზომები დაეწყოთ მას შემდეგ, რაც სეპარატისტულმა ძალებმა პრეზიდენტ სააკაშვილს სამშვიდობო ინიციატივებს ქართული სოფლების დაბომბვით უპასუხეს,” – განაცხადა გურგენიძემ.
”სამთავრობო ძალები ახლა ახორციელებენ ქმედებებს სიტუაციის გარანტირებული სამშვიდობო მოგვარების აღდგენისა და დამყარებისთვის, სადაც აღარ შეექმნებათ საფრთხე რეგიონის მშვიდობიან მოსახლეობას,” – განაცხადა მან.
”ეს ქმედებები ამ წუთასაც გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ საწადელ მიზანს,” – დასძინა მან.
თუმცა, გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისი მზადაა კონფლიქტის მოსაგვარებლად ნებისმიერ დროს ჩაერთოს დიალოგში.
მან აღნიშნა, რომ არის მსხვერპლი, როგორც დაღუპულები, ისე დაჭრილები, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს ინფორმაციის საათობრივ განახლებას პრესისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 8 აგვისტოს შუაღამისას ”ე.წ. მოხალისეთა” შემოსვლა შეინიშნებოდა რუსეთის ფედერაციიდან როკის გვირაბის გავლით.
”ჩვენ ვახორციელებთ ზომებს ამ მოხალისეების შემდგომი მასიური შემოსვლის წინააღმდეგ, რადგანაც ისინი დესტაბილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ წყაროს წარმოადგენენ,” – განაცხადა მან.
მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ”დღეს არის ჩვეულებრივი სამუშაო დღე.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გურგენიძის თქმით, მთავრობამ უკვე გამოყო საწყისი 50 მილიონი ლარი ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციისთვის, რაც საჭირო გახდება, ”როგორც კი მშვიდობა დამყარდება”.
პრემიერ-მინისტრის მიერ განცხადების გაკეთების პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ”ცხინვალში და მის გარშემო” ინტენსიური სროლების შესახებ მთელი ღამის განმავლობაში.
სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ოსურ მხარეს არის მსხვერპლი, ძირითადად მოქალაქეებს შორის, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, სულ ცოტა 15 ადამიანი მოკლეს ცხინვალში, თუმცა სხვა წყაროების ცნობით, უფრო დეტალური ინფორმაცია კიდევ უფრო მაღალ ციფრებს დაადგენს.
რუსული სამშვიდობო ძალები იტყობინებოდნენ, რომ ”ყველა ტიპის მძიმე შეიარაღება” იქნა გამოყენებული ორივე მხრიდან შუაღამისას მომხდარი ბრძოლების დროს. გამთენიისას კონფლიქტის ზონის თავზე ასევე გამოჩნდნენ ქართული საბრძოლო თვითმფრინავები. რუსი სამშვიდობოების განცხადებით, სოფელ კვერნეთში ხუთი ქართული SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა სამხრეთ ოსურ სამხედრო პოზიციებზე მიიტანა იერიში.
საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასი” იტყობინებოდა, რომ ქართულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ასევე მიიტანეს იერიში სამხრეთ ოსურ პოზიციებზე ჯავაში, რომელიც ცხინვალიდან 15-კილომეტრის რადიუსზე მდებარე კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს.
”ცხინვალში და მის გარშემო ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს,” – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი. ”სამხრეთ ოსეთის ხალხი თხოვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას დაეხმარონ და მიიღონ ზომები სამხრეთ ოსეთში მისი მოქალაქეების დასაცავად”.