ახალი ამბები

ცხინვალი ინტენსიური ბრძოლების შესახებ იტყობინება

საქართველომ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, განაცხადა თვითგამოცხადებული რეგიონის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ანატოლი ბარანკევიჩმა 7 აგვისტოს.

”საქართველოს უამრავი სამხედრო ნაწილი გადაადგილდება {თვითგამოცხადებულ რეგიონთან] საზღვრის მიმართულებით,” – განაცხადა ბარანკევიჩმა.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, სოფელი ხეთაგუროვი და ცხინვალი ინტენსიური სროლების ქვეშ იმყოფებიან.

სამხრეთ ოსურმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ 27 ”გრადის” ტიპის სისტემა განათავსა თვითგამოცხადებულ რეგიონთან საზღვრის მახლობლად.

ამავდროულად, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ქართულ სოფელ ავნევზე ოსმა სეპარატისტებმა მიიტანეს იერიში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოსმა სეპარატისტებმა სოფელ ავნევში ააფეთქეს ქართული სამშვიდობო ძალის კუთვნილი ბრონირებული ავტომანქანა.

თვითმხილველთა თქმით, მათ დაინახეს სამხედრო კოლონები, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან გორის მიმართულებით, ასევე გორის მიდამოებში მოძრაობდნენ. 

დამოუკიდებელი ინფორმაცია ადგილიდან მიუწვდომელია.
 

 

Back to top button