ახალი ამბები

მოსკოვი შსკ-ს ფარგლებში მოლაპარაკებებს ითხოვს

რუსული მხარის თანათავმჯდომარემ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვმა განაცხადა, რომ თბილისთან არ ყოფილა მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკების ფორმატის თაობაზე.

პოპოვმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის შემდეგ: ”ჩვენ ჯერ ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე”.

”ბატონი იაკობაშვილი მოითხოვს მოლაპარაკების არსებული ფორმატის შეცვლას და ჩვენ მოვითხოვთ არსებული ფორმატის შენარჩუნებას,” – განაცხადა პოპოვმა.

მოსკოვს და ცხინვალს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში სურთ მოლაპარაკების განახლება.

თუმცა, თემურ იაკობაშვილმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადა პოპოვთან შეხვედრის შემდეგ: ”შსკ მოკვდა”.

მხარეებმა თითქოსდა თავდაპირველად მიაღწიეს შეთანხმებას 7 აგვისტოს ცხინვალში თემურ იაკობაშვილსა და სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს შორის შეხვედრის გამართვის თაობაზე, იური პოპოვის თანდასწრებით და ჩრდილოეთ ოსური მხარის მონაწილეობის გარეშე.

სამხრეთ ოსურმა მხარემ თავდაპირველად უარყო შეხვედრის ფორმატი, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მიიღებდა შეხვედრაში მონაწილეობას. თუმცა, 6 აგვისტოს ცხინვალმა ისევ შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ მხოლოდ შსკ-ს ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას.

მოგვიანებით 6 აგვისტოს თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთია ნამდვილადაა დაინტერესებული მოლაპარაკებების გამართვაში. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას თბილისსა და ცხინვალს შორის არა შსკ-ს ფორმატში, ამ ეტაპზე მაინც.

დღეს 15:00 საათზე იაკობაშვილის პრეს-სამსახურმა პრეს-რელიზი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ცხინვალის შეხვედრა ჩაიშალა.

პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ იაკობაშვილი 7 აგვისტოს კონფლიქტის ზონის ქართულ ზონებს ეწვევა. სახელმწიფო მინისტრი იქ შესაძლოა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდეს, რომელსაც მოსკოვი და ცხინვალი თბილისის ”მარიონეტად” მიიჩნევენ. 
 

 

მსგავსი/Related

Back to top button