
სააკაშვილის ცხინვალის რეგიონში არსებული დაძაბულობის შესახებ
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში 7 აგვისტოს გაკეთებული განცხადება:
მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის ფედერაციის დიპლომატებთან, გრძელდება ყოველდღიური თავდასხმები ქართველ პოლიციელებზე, ქართველ სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებზე და მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებზე.
მე მინდა პირდაპირ ვთქვა და დარწმუნებული ვარ, რომ კონფროტაციის გაღრმავება არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში და რა თქმა უნდა არ შედის საქართველოს ინტერესებში, მაგრამ ის რაც ხდება, არის მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი რეგიონის ამ პატარა, ერთი ციცქნა რეგიონის, სადაც ცხოვრობს 30 ათასზე ნაკლები ადამიანი, ისტერიული მილიტარიზაციის, მუდმივი სამხედრო რიტორიკის და თუნდაც ბოლო დღეებში რუსეთის ტელევიზიით წარმოებული ნამდვილი სამხედრო პროპაგანდის. ამიტომ პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება იმ ხალხს, ვინც მთელი ეს წლები ამას აღვივებს.
ამავე დროს ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, არც რუსეთს არ აქვს ინტერესი კონფრონტაციის გაგრძელების და პრობლემების გამრავლების. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ახლა და იმედს გამოვთქვავთ, რომ მათი დიპლომატები იმუშავებენ ჩვენთან.
მე მოვუწოდებ რუსეთს უკან გაიხმოს ყველა ოფიციალური პირი, რომელიც თავის თავს უწოდებს და თავის თავს წარმოადგენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობას. 30 ათასზე ნაკლებ ადამიანს არ სჭირდება რამდენიმე ოფიციალური პირი მოსკოვიდან, რომელიც პირდაპირ მართავს ამ ტერიტორიას. მე მოვუწოდებ მათ, ჯერ ამ ხალხმა შეაჩეროს ყოველგვარი ძალადობა და შემდეგ დაუბრუნდეს თავიანთ სამშობლოს და მისცენ ადამიანებს თავისუფლად განვითარების, თავისუფალი ცხოვრების ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება. მოვახდინოთ რეგიონის დემილიტარიზაცია და მოვახდინოთ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა. ეს სიგიჟე ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ.
ჩვენ მოუწოდებთ ყველას დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ კონფროტაციის. მე ახლა დავავალე სახელმწიფო მინისტრს ინტეგრაციის საკითხებში და ჩემს წარმომადგენელს მოლაპარაკებებზე თემურ იაკობაშვილს, დაუყოვნებლივ ჩავიდეს და შეხვდეს რუსულ ოფიციალურ პირებს თბილისშიც და აქ, ამ შეტაკებების ადგილზე. ჩვენ უნდა მოვნახოთ ყველანაირი საშუალება იმისათვის, რომ ინციდენტები შეწყდეს და ყოველგვარი ძალადობა შეწყდეს და მოსახლეობისადმი მუქარა და პრობლემების შექმნა უბრალო ადამიანებისადმი, ადგილობრივი საზოგადოებისადმი შეწყდეს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ თავშეკავებას გამოვიჩენთ, მაგრამ ჩვენ არავის არ ვურჩევთ რაიმე სახის პროვოკაციების გაგრძელებას.