ახალი ამბები

იური პოპოვი მოლაპარაკებებს ეჭვქვეშ აყენებს

რუსული მხარის თანათავმჯდომარემ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მხარეებს შორის დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა ჩაიშალოს.

დღეს დილით თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იგი 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა. ”მაგრამ გაირკვა, რომ სამხრეთ ოსური მხარე ეჭვქვეშ აყენებს ამგვარი შეხვედრის მიზანშეწონილობას,” – განაცხადა პოპოვმა. ”თუ ეს ასეა, მე მომიწევს თბილისსა და ცხინვალს შორის ცალცალკე მოლაპარაკებების წარმოება”.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა 6 აგვისტოს საღამოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”სამკუთხედში” საუბრისას, რომ იგი მაინც იმედოვნებს, რომ ცხინვალის შეხვედრა გაიმართება.

”რუსეთი ამჟამად ნამდვილადაა დაინტერესებული მოლაპარაკებების არსებობაში და ნამდვილად სურს სიტუაციის დეესკალაცია,” – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას თბილისსა და ცხინვალს შორის არა შსკ-ს ფორმატში, ამ ეტაპზე მაინც.

თუმცა, პოპოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს შსკ-ს ფორმატის შენარჩუნებას, ”რადგანაც ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელსაც გააჩნია სავალდებულო ხასიათის მქონე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება”.

სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარემ შსკ-ში ბორის ჩოჩიევმა 6 აგვისტოს განაცხადა, რომ ცხინვალი მხოლოდ შსკ-ს ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდება. 

მსგავსი/Related

Back to top button