
თბილისი უარყოფს ოსური მხარის მიერ ქართული საბრძოლო მანქანის განადგურებას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაცია ქართული მხარის კუთვნილი ქვეითთა საბრძოლო მანქანის განადგურების თაობაზე და მას ”სისულელე” უწოდა.
ეს ინფორმაცია ასევე უარყო რუსული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა. ”არანაირი ქვეითთა საბრძოლო მანქანა არ აფეთქებულა,” – განუცხადა მან ”ინტერფაქსს”.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, სამხრეთ ოსურმა ძალებმა ქართული საბრძოლო მანქანა 6 აგვისტოს სოფელ ნულთან მომხდარი შეტაკების დროს გაანადგურეს.
”ჩვენ გავანადგურეთ ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელიც ოსურ სოფლებს უტევდა,” – აღნიშნა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ”სროლები ახლა შეწყვეტილია. სამხრეთ ოსური მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა”.
მისივე თქმით, სამხრეთ ოსურმა ძალებმა მოახერხეს სოფელ ნულის მახლობლად მდებარე იმ სიმაღლის აღება, რომელიც ცხინვალის მიერ კონტროლირებად შემოვლით გზას გადაჰყურებს. ეს გზა ცხინვალს ზნაურის რაიონის ოსურ სოფლებს უკავშირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ამ ინფორმაციას გამოგონილი უწოდა.
”2 აგვისტოს შემდეგ რეგიონში რაიმე მნიშვნელოვანი შეტაკება არ მომხდარა; იყო მცირე სროლები, მაგრამ არა მნიშვნელოვანი შეტაკებები,” – განუცხადა მან Civil.Ge-ს. ”როგორც ჩანს, რუსული მედია და სეპატარისტული ხელისუფლება ვირტუალური რეალობის და ომის ილუზიის შექმნას ცდილობენ, თითქოს იქ რაღაც უზარმაზარი ხდება”.
მისი თქმით, 5 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა უცხოელი დიპლომატების და ჟურნალისტების ვიზიტი თვითგამოცხადებული რეგიონის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ვიზიტი მიზნად ისახავდა იმის დემონსტრირებას, რომ კონფლიქტის ზონაში ქართული კონტინგენტის ზრდას ადგილი არ აქვს.