ახალი ამბები

სამხრეთ ოსური მხარე მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

სამხრეთ ოსურმა მხარემ შეცვალა პოზიცია და უარი განაცხადა 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი თითქოს შეთანხმებული იყო მხარეებს შორის.

”ხუთშაბათს [7 აგვისტოს] ორმხრივი შეხვედრა არ იქნება,” – განუცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ”ინტერფაქსს” 6 აგვისტოს. ”ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებები გავმართოთ ცხინვალში, თუმცა მხოლოდ ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში”.

სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარემ შსკ-ში ბორის ჩოჩიევმა კი 6 აგვისტოს განაცხადა: ”ორმხრივი შეხვედრა არაფერს სასიკეთოს არ მოიტანს”.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას ჩოჩიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსური მხარე გამოდის წინადადებით 9 აგვისტოს ცხინვალში ჩატარდეს შსკ-ს სხდომა ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეების მონაწილეობით. თბილისმა კატეგორიულად განაცხადა, რომ შსკ-ს ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 5 აგვისტოს განაცხადა, რომ უკვე შეთანხმებულია მისი შეხვედრა ბორის ჩოჩიევთან რუსული მხარის თანათავმჯდომარის იური პოპოვის თანდასწრებით. 

იური პოპოვმა ასევე დაადასტურა, რომ მხარეების შეხვედრა იგეგმებოდა 7 აგვისტოს ცხინვალში. ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილა.

მოგვიანებით 5 აგვისტოს სამხრეთ ოსურმა მხარემ უარყო შეხვედრაზე შეთანხმება და განაცხადა, რომ ის მხოლოდ შსკ-ს ფორმატში შეხვედრაზე დათანხმდებოდა.

6 აგვისტოს დილით სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ბორის ჩოჩოევის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ სამხრეთ ოსური მხარე დათანხმდა 7 აგვისტოს ცხინვალში შეხვედრაზე. მისი თქმით, ეს იქნებოდა ”საკონსულტაციო შეხვედრა” შსკ-ს სხდომის მოსამზადებლად.    
 

 

მსგავსი/Related

Back to top button