
აშშ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
დეესკალაცია და მოლაპარაკებების განახლება პრიორიტეტული უნდა იყოს სამხრეთ ოსეთში, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გონსალო გალეგოსმა 5 აგვისტოს.
”არა გვგონია, რომ ახლა დროა, რომ მონაწილე მხარეებმა პროვოკაციული რეაგირება მოახდინონ. ამრიგად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი, შეჩერდეს ძალადობა; და მეორე, დაიწყოს დიალოგი, რათა მათ განაგრძონ იქ საკითხების განხილვა,” – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას სთხოვეს რუსული მხარის თანათავმჯდომარის იური პოპოვის განცხადებაზე გაეკეთებინა კომენტარი. პოპოვმა განაცხადა, რუსული მედიის ინფორმაციით: ”თუ მოვლენები ყველაზე უარესი გზით განვითარდება, ძალის გამოყენებით, რუსეთი ვერ შეძლებს გვერდიდან ყურებას, რადგანაც სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ”.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთი რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა: ”არა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს და მხარეებმა უნდა დაიწყონ დიალოგი, რათა წინ წაიწიონ სიტუაციის მოგვარებისკენ”.