ახალი ამბები

ვაკისა და დიდუბის ოლქებში შუალედური არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში შუალედური არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება.

შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 4 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 21 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებულმა კანდიდატებმა – ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ და ამავე პარტიის წევრმა დავით საგანელიძემ – უარი განაცხადეს სადეპუტატო მანდატებზე, არჩევნების არაობიექტურად ჩატარების მოტივით.

დღესვე ახალი მემარჯვენეების წევრმა მანანა ნაჭყებიამ ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ს განუცხადა, რომ პარტია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.   

4 ოქტომბერს ასევე დაგეგმილია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

მსგავსი/Related

Back to top button