
ჩრდილოეთ ოსეთში ცხინვალიდან 800-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ჩრდილოეთ ოსეთში 5 აგვისტოს მონაცემებით 819 ადამიანი ჩავიდა, მათ შორის 548 ბავშვი, იტყობინება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამხრეთის განყოფილება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ისინი ბავშვების და ქალების ევაკუაციას ახორციელებენ შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლო განახლების გამო.
თუმცა, ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ერმაკ ძანსოლოვმა გაუმეორა ”ინტერფაქსს” 4 აგვისტოს, რომ ეს არ არის ”ევაკუაცია”. მისი თქმით, ”პირველი შემთხვევა არ არის”, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთი სამხრეთ ოსეთის ბავშვებს მასპინძლობს ზაფხულის არდადეგებზე იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის თეიმურაზ მამსუროვის ინიციატივაა.
ამავდროულად, სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ 5 აგვისტოს შუაღამისას ქართული პოლიციის პოსტებიდან ცეცხლი გაუხსნეს მის ორი საგუშაგოს – ერთს სოფელ უბეათთან და მეორეს სოფელ მუგუთთან. მისივე თქმით, სამხრეთ ოსურმა მხარემ საპასუხო ცეცხლი არ გახსნა და სროლების შედეგად არავინ დაშავებულა.
თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ღამით ოსმა სეპარატისტებმა ოსურ სოფელ უბეათიდან სოფელ ნულის მიმართულებით ყუმბარმტყორცნიდან სამი ჭურვი ისროლეს, საიდანაც ორი პოლიციის საგუშაგოს მოხვდა, ერთი კი საგუშაგოს წინ აფეთქდა. შსს-ს ცნობით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა.