
ესტონეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის სამშვიდობო როლს ემხრობა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა განაცხადა, რომ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტებში, ამ რეგიონებში სამშვიდობო მისია უნდა იკისრონ.
”მშვიდობის შენარჩუნება ამ რეგიონებში იქნება შესაფერისი ამოცანა ევროკავშირისთვის,” – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 4 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში. ”ჩვენ საერთაშორისო მცდელობები გვჭირდება სიტუაციის მოსაგვარებლად”.
პაეტის თქმით, მან ეს საკითხი თავის ფინელ და შვედ კოლეგებთან განიხილა.
საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამჟამად არსებული სამშვიდობო ოპერაციის შეცვლა სურს. თუმცა, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ბევრი დასავლეთ ევროპული სახელმწიფო, საფრანგეთის და გერმანიის ჩათვლით, ამ საკითხისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.
აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიან გეგმას, რომელიც გერმანიამ მოამზადა და რომელსაც საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და აშშ-მ დაუჭირეს მხარე – ყველა მათგანი გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრია – დასაშვებად მიაჩნია აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ოპერაციის გაგრძელება.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ 9 ივლისს თბილისში განაცხადა, რომ უსაფრთხოება ადგილზე და ორივე მხარის თანხმობაა საჭიროა იმისათვის, რომ ევროკავშირმა განიხილოს აფხაზეთში ახალ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.