
იაკობაშვილი: მალე შესაძლოა ცხინვალთან მოლაპარაკებები გაიმართოს
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესი აღდგეს არა არსებული შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფორმატში, არამედ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგის საფუძველზე.
ეს განცხადება თემურ იაკობაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ სახელმწიფო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად განიხილებოდა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და ასევე კონფლიქტის ზონებში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები.
სხდომას უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია, იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ზღულაძე და შოთა უტიაშვილი, ასევე პარლამენტის წევრი პაატა დავითაია ესწრებოდნენ.
”გვქონდა მოლაპარაკებები რუსეთთან და შეიძლება ცოტახანში, მალე შევძლოთ ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესისი აღდგენა, ოღონდ არა ე.წ. შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში, სხვა ფორმატში”, – განუცხადა ჟურნალისტებს თემურ იაკობაშვილმა. ”ჩვენ მოუწოდეთ პირდაპირი დიალოგისკენ და ჩვენ ვართ მზად პირდაპირი დიალოგი ვაწარმოოთ სეპარატისტებთან”.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან არსებობს ”გაგება იმისა, რომ აუცილებელია რაღაც დიალოგის შედგეს”, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ შესაძლებელია დიალოგი განახლდეს კონფლიქტურ მხარესთან. იაკობაშვილს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
3 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ტელეფონით ესაუბრა თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს. მხარეებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილეს. ”გრიგოლ ვაშაძემ დაგვარწმუნა, რომ ქართული მხარე აპირებს მიაღწიოს კონფლქიტის ზონაში დაძაბულობის შემცირებას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკებების გზით”, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
დღესვე სამხრეთის ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ”აუცილებელია მოლაპარაკებები წარიმართოს და ის უნდა წარიმართოს არსებულ ფორმატში” – ანუ შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში.
”არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, არის მანდატი, რომლის საფუძველზე ჩვენ ვიმოქმედებთ… ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა, მაგრამ თუ ჩვენ სხვა არჩევანს არ დაგვიტოვებენ, მაშინ ჩვენ მივიღებთ ყველაზე გადამწყვეტ ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ეს პრობლემა”, – იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.
შსკ-ში ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები შედიან. ცხინვალი და მოსკოვი შსკ-ს მოლაპარაკებათა ერთადერთ ინსტრუმენტად მიიჩნევენ, თუმცა თბილისმა ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარი მარტში განაცხადა.
სანაცვლოდ, ქართული მხარე ამ მექანიზმის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოვიდა, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.