ახალი ამბები

’ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხე რეალურია’

სამხრეთ ოსეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხე ”სულ უფრო რეალური ხდება”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ თბილისის მიერ ადგილზე განხორციელებული ქმედებები ეწინააღმდეგება მის განცხადებებს სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით სასწრაფო ზომების მიღების თაობაზე.

”2 აგვისტოს საღამოს და 3 აგვისტოს ღამით საქართველომ ღია სამხედრო მანევრები განახორციელა ცხინვალის მისადგომებთან, რასაც თან ახლდა კონფლიქტის ზონაში ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანა,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც ანალოგიური განცხადებები გააკეთა, რაც კატეგორიულად უარყო ოფიციალურმა თბილისმა.     

მოსკოვმა თბილისი დაძაბულობის ახალი ტალღის გაღვივებაში დაადანაშაულა, განაცხადა რა, რომ სიტუაციის გაუარესება 2 აგვისტოს ღამით დაიწყო, როდესაც ცხინვალის საცხოვრებელი კვარტლების ნაღმტყორცნებიდან მასიურმა დაცხრილვამ მსხვერპლი გამოიწვია” ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

”საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება,” – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყებამ.

მისი განცხადებით, ბოლოდრიუნდელი დაძაბულობა ცხადყოფს, რომ კვლავ პრიორიტეტული რჩება ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობის საკითხი.

”ამ დოკუმენტის ფარგლებში შესაბამისი ვალდებულებების აღება დაეხმარებოდა რეგიონში ომის საფრთხის თავიდან აცილებას,” – ნათქვამია განცხადებაში. ”მოვლენების განვითარების ძალისმიერი სცენარი საბოლოოდ დაამსხვრევს ქართული-ოსური კონფლიქტის მოგვარების იმედებს”. 

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, მოლაპარაკებების განახლება შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში პრიორიტეტულია დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

”ქართული მხარის მიერ შსკ-ს დემონტაჟისკენ აღებული კურსი განსაკუთრებით კონტრპროდუქტიულია არსებულ სიტუაციაში,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ”ეუთოს მისიამ საქართველოში უფრო აქტიური და მკაფიო  პოზიცია უნდა დაიკავოს შსკ-ს ფარგლებში ჩვენი ერთობლივი მუშაობის სასწრაფო განახლების მხარდასაჭერად”.

შსკ-ში ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები შედიან. ცხინვალი და მოსკოვი შსკ-ს მოლაპარაკებათა ერთადერთ ინსტრუმენტად მიიჩნევენ, თუმცა თბილისმა ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარი მარტში განაცხადა.

სანაცვლოდ, ქართული მხარე ამ მექანიზმის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოვიდა, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ძალისხმევას არ იშურებს დიპლომატიური არხებისა და ადგილზე მისი სამშვიდობოების საშუალებით, რათა მიაღწიოს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას.
 

Back to top button