
საქართველოს ეროვნულ ნაკრების მწვრთნელი არგენტინელი კუპერი გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 1 აგვისტოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ექტორ რაულ კუპერი დანიშნა.
კუპერმა გერმანელი სპეციალისტი კლაუს ტოპმიოლერი შეცვალა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ თანამდებობიდან ზუსტად ოთხი თვის წინ გაათავისუფლა ეროვნული ნაკრების რამოდენიმე მარცხის შემდეგ, მათ შორის 26 მარტს ბელფასტში, სადაც საქართველო ჩრდილოეთ ირლანდისთან ამხანაგურ მატჩში 1:4 დამარცხდა.
ფეხბურთის ფედერაციამ არგენტინელ კუპერთან 17-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.
კუპერი ამა წლის მაისში, ორ თვიანი მუშაობის შემდეგ, იტალიურმა კლუბმა, პარმამ, გაანთავისუფლა მას შემდეგ რაც ეს კლუბი წარუმატებელი სეზონის შედეგად იტალიის ჩემპიონატის სერია B-ში აღმოჩნდა.
არგენტინელი სპეციალისტის თაოსნობით ესპანური ვალენსია ორჯელ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში – 2000 და 2001 წლებში, თუმცა თასის მოპოვება ვერც ერთხელ შეძლო. 2001-2003 წლებში კუპერი მილანის ინტერს წვრთნიდა .
საქართველოს ნაკრები, ახალ მწვრთნელთან ერთად, პირველ მატჩს 20 აგვისტოს, სტუმრად უელსთან გამართავს, ხოლო 6 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში ირლანდიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს.