ახალი ამბები

იაკობაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში კულახმეტოვს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, რომელიც 2 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ჩავიდა, შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი. ყურაშვილმა, რომელმაც ადრე ეჭვები გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი სამშვიდობოებიც მონაწილეობდნენ ქართული სოფლების დაცხრილვაში, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სროლებში ჩრდილოეთ ოსური ბატალიონი იყო ჩართული.

თემურ იაკობაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ როგორც ჩანს, რუსი სამშვიდობოები მხოლოდ ”აკვირდებოდნენ” იმას, თუ როგორ ესროდნენ მხარეები ერთმანეთს.

ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა ოცდაორი დაშავდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1 აგვისტოს ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას მომხდარი ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ინტენსიური სროლების შედეგად.

Back to top button