ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება თბილისს და ცხინვალს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება და მოძებნონ არსებული კრიზისის დაძლევის გზები.

”რუსული მხარე გამოხატავს ყველაზე სერიოზულ შეშფოთებას სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით და ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავს, რათა თავიდან იქნას აცილებული ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდგომი ზრდა,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 2 აგვისტოს. ”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თბილისს და ცხინვალს თავშეკავება გამოიჩინონ და გამოხატონ მზადყოფნა, რათა მოიძებნოს არსებული კრიზისის დაძლევის გზები”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს გვიან ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას ქართულმა მხარემ ცხინვალის და ახლომდებარე ოსური სოფლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ქართული მხარის განცხადებით, ქართული სოფლების დაცხრილვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

Back to top button