ახალი ამბები

შსს: ცხინვალის რეგიონში სროლების შედეგად შვიდი ქართველი დაშავდა

ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი ქართველი პოლიციელი დაშავდა 2 აგვისტოს ღამით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართული სოფლების დაცხრილვის შედეგად, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ოსი სეპარატისტების მხრიდან  ცეცხლი გახსნილ იქნა ქართული სოფლების, ქვემო და ზემო ნიქოზის, ავნევის, ერედვის, ერგნეთის მიმართულებით. სროლების შედეგად დაზიანდა ამ სოფლების მაცხოვრებლების ათობით სახლი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ 1 აგვისტოს საღამოს და 2 აგვისტოს გამთენიისას, ცხინვალის და ახლომდებარე ოსური სოფლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა 2 აგვისტოს განაცხადა: ”საქმე გვაქვს აშკარად მცდელობასთან, რომ საქართველო ჩაითრიონ სამხედრო კონფრონტაციაში. უკვე რამოდენიმე დღეა ამის ყველა ნიშნები არსებობს”.   

 

Back to top button