ახალი ამბები

აჭარის უმაღლესმა საბჭომ არჩევნების წინ კოდექსში ცვლილებები შეიტანა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ცვლილებები რეგიონის საარჩევნო კოდექსში, რომელიც ძირითად საარჩევნო წესებს განსაზღვრავს აჭარაში ოქტომბერში დაგეგმილი უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ.

30 ივლისს მეორე და საბოლოო მოსმენით მიღებული ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობა ნაცვლად 30-ისა 18-ით განისაზღვრა.

18 წევრიდან 6 აირჩევა მაჟორიტარული სისტემით აჭარის ერთმანდატიან ოლქებში. გამარჯვებულად გამოცხადდება ის პიროვნება, რომელიც მიიღებს სხვებზე მეტს, თუმცა არანაკლებ ხმების ერთი-მესამედისა.     

დანარჩენი 12 წევრი პროპორციული სისტემით იქნება არჩეული.

გარდა ამისა, მცირდება საარჩევნო ბარიერი და დღეს არსებული 7%-ის ნაცვლად, უმაღლესი საბჭოს მანდატები მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს.

ასევე შეიცვალა ადგილობრივი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. კომისია 13 წევრისგან დაკომპლექტდება. მათგან 6 წევრს დანიშნავენ ის ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან – კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტული პარტია, ჩვენ თვითონ, ქართული დასი და ქრისტიან-დემოკრატები. ერთ ადგილს ნაციონალური მოძრაობა მიიღებს, ხოლო დარჩენილ 6 ადგილს – სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეები. 

 

Back to top button