
მინძაევი საფორტიფიკაციო ნაგებობის აშენების ფაქტს ადასტურებს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე კონფლიქტის ზონაში საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებს.
განცხადებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა 31 ივლისს გამოქვეყნა, მინძაევმა აღიარა, რომ ეს არსებული შეთანხმებების დარღვევაა, თუმცა დასძინა, რომ სამხრეთ ოსური მხარე იძულებულია ეს გააკეთოს ქართული მხარის ანალოგიური ქმედებების საპასუხოდ.
”ჩვენი საგუშაგოები ძლიერდება და მომავალშიც გაძლიერდება, სანამ ქართული მხარე არ შეწყვეტს თავის დესტრუქციულ ქმედებებს,” – განაცხადა მინძაევმა. ”ჩვენ გვესმის, რომ საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენება მიღწეული შეთანხმებების დარღვევაა, მაგრამ პირველმა ამ შეთანხმებების დარღვევა საქართველომ დაიწყო”.
მან ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე განაგრძობს კონფლიქტის ზონაში უკანონო საგუშაგოების და საფორტიფიკაციო ნაგებობების განთავსებას რეგიონში ”პროვოკაციების მოწყობისა” და ”სიტუაციის დესტაბილზაციის” მიზნით.