
გერმანია აგძელებს მცდელობას განაახლოს აფხაზური მოლაპარაკებები
მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირას ბერლინში დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩაიშალა, გერმანია კვლავაც ცდილობს ამ შეხვედრის ორგანიზებას.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იენს პლეტნერმა 30 ივლისს განაცხადა, რომ გერმანია აქტიურადაა ჩართული ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზების მცდელობებში, იტყობინება Deutsche Presse-Agentur (DPA).
შეხვედრის სავარაუდო ადგილად კვლავ ბერლინი რჩება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, დასძინა მან.
თავდაპირველი შემოთავაზების თანახმად, შეხვედრა ბერლინში 30-31 ივლისს უნდა გამართულიყო. თუმცა, შეხვედრის ფორმატის თაობაზე ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდებოდა.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმს შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) შეხვედრაში. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე ”პრინციპში” არ იყო ამ შეხვედრის წინააღმდეგი, შამბამ განაცხადა, რომ მათთვის შეხვედრის თარიღი მიუღებელია. მისი თქმით, აგვისტოს ბოლო უფრო მისაღები იქნებოდა აფხაზური მხარისთვის. 29 ივლისს გერმანიის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც აფხაზური მხარის მზადყოფნა ”მნიშვნელოვანი სიგნალია”.
თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი მონაწილეობა მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგი განახლდა. სოხუმი მოლაპარაკებების განახლებისთვის ორ წინაპირობას აყენებს: ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერას და ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანას.
ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ თავდაპირველი შემოთავაზება ითვალისწინებდა არა მეგობართა ჯგუფის შეხვედრას, არამედ ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრას ბერლინში გერმანიის შუამავლობით, სადაც განიხილებოდა გერმანიის ე.წ. სამეტაპიანი გეგმა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ იგეგმებოდა მეგობართა ჯგუფის შეხვედრა პოლიტიკური დირექტორების დონეზე. მათივე განცხადებით, სწორედ მოსკოვმა ჩაშალა შეხვედრა და აიძულა აფხაზური მხარე უარი ეთქვა მასზე.
რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა მიანიშნა, რომ მოსკოვი არ ეთანხმება გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ნაჩქარევ შეხვედრას, რომელმაც აფხაზეთის კონფლიქტი უნდა განიხილოს.
”ჩვენ ყოველთვის მივესალმებით კარგი შეხვედების ჩატარებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ეს შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს და მხარეებიც უნდა მოიწვიონ, თუ მათ მოსვლის სურვილი აქვთ,” – განუცხადა ჩურკინმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ 29 ივლისს აფხაზეთის შესახებ გენერალური მდივნის მოხსენება განიხილა.