ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 350 000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ბექა ოქროსცვარიძე და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილი დააკავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ მაჩალაძისგან აიღეს ქრთამი მისთვის სახელმწიფო ქონების იაფად მიყიდვის სანაცვლოდ.

”მაჩალაძემ ზემოთაღნიშნულ პირებთან კორუფციული გარიგების მეშვეობით განიზრახა რუსთავი-თბილისის გზატკეცილის  მე-17 კილომეტრზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იაფად შესყიდვა,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაჩალაძესთან ერთად ასევე დააკავა იოსებ ქადაგიშვილი და კობა სალუქვაძე ფაქტთან დაკავშირებით შუამავლობის ბრალდებით.

Back to top button