
ბერლინის შეხვედრა აფხაზეთის საკითზე კარგად უნდა მომზადდეს – ჩურკინი
რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა მიანიშნა, რომ მოსკოვი არ ეთანხმება გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ნაჩქარევ შეხვედრას, რომელმაც აფხაზეთის კონფლიქტი უნდა განიხილოს.
შემოთავაზებული წინადადების თანახმად, შეხვედრა მიმდინარე კვირას ბერლინში უნდა გაიმართოს ექსპერტთა დონეზე, ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით.
”ჩვენ ყოველთვის მივესალმებით კარგი შეხვედების ჩატარებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ეს შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს და მხარეებიც უნდა მოიწვიონ, თუ მათ მოსვლის სურვილი აქვთ,” – განუცხადა ჩურკინმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ 29 ივლისს აფხაზეთის შესახებ გენერალური მდივნის მოხსენება განიხილა.
აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში აგვისტოში და არა ამ კვირაში. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ხაზი გაუსვა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ იქნება იმის მანიშნებელი, რომ სოხუმმა თბილისთან პირდაპირი მოლაპარაკებები განაახლა.
სოხუმი მოლაპარაკებების განახლებისთვის ორ წინაპირობას აყენებს: ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერას და ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანას.
რუსეთის ელჩმა გაეროში ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს მიაჩნია, რომ გერმანიის სამეტაპიანი გეგმა აფხაზეთზე ”ნამდვილად ძალიან კარგი მცდელობაა”.
”მაგრამ, თქვენ იცით, რომ ნებისმიერი სამ ან ოთხეტაპიანი გეგმა უნდა დაიწყოს პირველი ნაბიჯით და ჩვენი ძალიან მყარი რწმენის თანახმად, ეს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა,” – განაცხადა ჩურკინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი აფხაზეთის შესახებ, რომელიც მოუწოდებს მხარეეს ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერისკენ ”დადგა მეგობართა ჯგუფიდან ჩვენი რამდენიმე პარტნიორის ისეთი დამოკიდებულების წინაშე, რომლის დროსაც ისინი ცდილობენ არ გაამახვილონ ყურადღება სიტუაციის რთულ მომენტებზე და რთულ ასპექტებზე”.
რუსეთის დელეგაცია ცდილობს მიაღწიოს ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ განცხადების მიღებას მაინც. თუმცა, ჩურკინმა განაცხადა, რომ ”ვშიშობ ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, სადაც წარმატებულ შედეგს მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ”.