
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში სროლების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თბილისმა და ცხინვალმა ერთმანეთი 29 ივლისს გვიან საღამოს ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს.
სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ცეცხლი პირველმა ქართულმა მხარემ გახსნა და ნაღმტრყორცნებიდან ოსური სოფლები სარაბუკი და თლიაყანა დაცხრილა.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, სროლების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
თუმცა,ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მის საგუშაგოს სარაბუკის სიმაღლეზე კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ადგილობრივი დროით 22:00 საათზე. ანალოგიური თავდასხმა წინა დღესაც განხორციელდა. მამუკა ყურაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, განაცხადა, რომ ქართული მხარე იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლით ეპასუხა.