ახალი ამბები

გაეროს დამკვირვებლები ხურჩის ინციდენტის შესახებ

დამწვარი ავტობუსები სოფელ ხურჩაში.  ფოტო: გაზეთი ”ბათუმელები”

გაეროს დამკვირვებლების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველადი შედეგები ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების დღეს, 21 მაისს, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტის ოფიციალური თბილისის ვერსიას.

ქართულმა ტელეარხებმა არჩევნების დღეს გადმოსცეს, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურჩაში აფხაზურმა მხარემ ორი ავტობუსი ააფეთქა, რომელითაც გალის რაიონის ქართველი მოსახლეობა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გადმოდიოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ქალბატონი დაშავდა. ტელეკომპანიებმა ამ ინციდენტის ამსახველი კადრებიც უჩვენეს.

გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მოხსენება აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ, რომელიც 2008 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდს ფარავს, სხვა მოვლენებთან ერთად ხურჩის ინციდენტსაც აღწერს.

მოხსენებაში ინციდენტი მოიხსენიება როგორც ”ყველაზე სერიოზული” იმ ინციდენტებს შორის, რომელთაც ზუგდიდის რაიონში ჰქონდა ადგილი საანგარიშო პერიოდში. მოხსენება სამ ძირითად ნაწილად იყოფა, სადაც აღწერილია სიტუაცია გალის რაიონში, ზუგდიდის რაიონში და კოდორში – ეს ის სამი ტერიტორიაა, სადაც გაეროს დამკვირვებელთა მისიის მონიტორინგი ხორციელდება.  

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 21 მაისს სოფელ ხურჩაში, ფეხბურთის მოედანთან ძლიერ სროლებს ჰქონდა ადგილი. მოედანზე, მოხსენების თანახმად, შეკრებილები იყვნენ გარკვეული რაოდენობის ადამიანები, ძირითადად გალის რაიონიდან. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ ადამიანებს ”სთხოვეს შეკრებილიყვნენ” (თუმცა არ არის ნათქვამი ვინ თხოვა მათ იქ შეკრება), რათა იქიდან ავტობუსებით გადაეყვანათ ზუგდიდში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად.  

ფეხბურთის მოედანზე შეკრებილი ხალხი მას შემდეგ გაიქცა, რაც ”სავარაუდო თავდამსხმელებმა” ცეცხლი გახსნეს, ხოლო შემდეგ ცარიელ ავტობუსებს ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს ცეცხლი.

მოხსენების თანახმად, გაეროს დამკვირვებელთა მისიის გამოძიებამ დაადგინა, რომ ყუმბარები ”ავტობუსებიდან დაახლოებიდან 100 მეტრის დაშორებიდან ისროლეს, ქართველების მიერ კონტროლირებადი მხრიდან”.

”მართალია ჯერ-ჯერობით ვერ იქნა მოძიებული მყარი მტკიცებულება დამნაშავეთა ვინაობის თაობაზე, მაგრამ ინციდენტის გარშემო არსებულ გარემოებებს შორის შეუსაბამობა – კერძოდ ის ფაქტი, რომ ინციდენტი ისე იყო გადაღებული [ტელეკამერების მიერ], რომ ტოვებს შთაბეჭდილებას ვივარაუდოთ, რომ ინციდენტის მოხდენას წინასწარ ელოდნენ და არ ხდებოდა მისი სპონტანურად გადაღება – ავალდებულებს გაეროს დამკვირვებელთა მისიას განაგრძოს გამოძიება,” ნათქვამია მოხსენებაში.

სტუდია ”რეპორტიორის” მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ასევე ეჭვია გამოთქმული იმის შესახებ, რომ კონფლიქტის ზონაში ინციდენტი ხელოვნურად იყო მოწყობილი.

ფილმში ნათქვამია, რომ ოპერატორი, რომელმაც გადაიღო ის მომენტი, როდესაც ავტობუსებს ხელყუმბარები ესროლეს, ფაქტიურად ელოდა ამ მომენტს, რადგანაც მისი კამერა შტატივზე იყო დამაგრებული და აფეთქების დროს კამერა არც კი გარყეულა.

დოკუმენტურ ფილმში ასევე ნაჩვენებია ინტერვიუები ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, რომელთა განცხადებითაც ორი უცნობი ადამიანი მივიდა სოფელში ინციდენტამდე და სთხოვა ადგილობრივ მკვიდრებს მათ გაყოლოდნენ, რადგანაც ”გადაღებისთვის ხალხი იყო საჭირო”.

გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ ქართული მხარის განცხადებების საპირისპიროდ, ”ადგილობრივ მოსახლეობას არ შექმნია პრობლემები” არჩევნების დღეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”სამკუთხედში” 16 ივლისს განაცხადა, რომ იგი განცვიფრებულია თავად იმ ფაქტის გამო, რომ ინციდენტის ქართულ ვერსიაში ეჭვი შეიტანეს.

”შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, რომ ეს [თავდასხმის] სეპარატისტების გაკეთებულია?” – განაცხადა ლომაიამ.

გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში სიტუაცია აფხაზეთში, ზოგადად, დაძაბული იყო.

”ამ დაძაბულობის ერთ-ერთი წყარო იყო საჰაერო სივრცეში აქტიურობა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ 18 მარტიდან 12 მაისამდე პერიოდში შვიდი ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო. თავდაპირველი უარყოფის შემდეგ, ქართულმა მხარემ დადასტურა, რომ სამი უპილოტო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ 20 აპრილს ინციდენტის გამოძიების თანახმად, ქართული უპილოტო თვითმფრინავი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.

გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ აცნობა ქართულ მხარეს, რომ უპილოტო თვითმფრინავების ფრენები წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევას.

”გაეროს დამკვირვებელთა მისია კონფლიქტის ზონის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, თუნდაც თავდაცვითი მიზნით, – იქნება ეს ჰაერი-ჰაერი რეაქტიული ჭურვებით თუ ხმელეთზე განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებით – მიიჩნევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად, რადგანაც მოსკოვის შეთანხმება კრძალავს კონფლიქტის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანას და გამოყენებას,” – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში.

თბილისმა მაისის ბოლოს განაცხადა, რომ მან აფხაზეთის თავზე უპილოტო თვითმფრინავების ფრენები შეწყვიტა მას შემდეგ, რაც გაეროს დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ეს მოსკოვის შეთანხმების დარღვევა იყო. თუმცა, ქართულმა მხარემ ისიც განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში განაახლებს ამ ფრენებს.

მოხსენების თანახმად, დაძაბულობის კიდევ ერთი მიზეზი, მათ შორის გალის რაიონში, არის ”ზოგადად არსებული შეშფოთება საომარი მოქმედებების მოსალოდნელი განახლების თაობაზე”.

აპრილში და მაისში აფხაზური და რუსული მხარეები თბილისს, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და ზემო კოდორის ხეობაში შეიარაღებული ძალების ზრდაში ადანაშაულებდნენ. 

თუმცა, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”კონფლიქტის ზონაში ძალების განთავსების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნებოდა”.

რაც შეეხება ზემო კოდორის ხეობას, მოხსენებაში ნათქვამია: ”მაშინ როცა აფხაზურმა მხარემ და დსთ-ს სამშვიდობოებმა შეშფოთება გამოხატეს ზემო კოდორის ხეობაში დამატებითი ქართული კონტინგენტის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ძალების, და მძიმე ტექნიკის შეყვანის თაობაზე, გაეროს დამკვირვებლებმა ვერ შენიშნეს ძალების ფართომასშტაბიანი ზრდის ნიშნები”.

თუმცა, მოხსენება აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებლები არ შეუშვეს თბილისის მიერ კონტროლირებად რამდენიმე ტერიტორიაზე აფხაზეთში, კერძოდ ქვაბჩარას ხეობაში.

”გაეროს დამკვირვებელთა მისიამ სთხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი გამჭირვალობა უზრუნველყოს, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მიუწვდომელი იყო, რათა საშუალება მიეცეს მისიას ფაქტები ადგილზე გადაამოწმოს,” ნათქვამია მოხსენებაში.

მსგავსი/Related

Back to top button