ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთზე იმსჯელებს

გაეროს უშიშროების საბჭო დახურულ კონსულტაციებს გამართავს 29 ივლისს, სადაც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებულ ვითარებას განიხილავს.

თავის ბოლო მოხსენებაში აფხაზეთის შესახებ, რომელიც 25 ივლისს გამოქვეყნდა და 2 აპრილიდან 14 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა, რომ ”ბოლო ოთხი თვის მანძილზე შეინიშნებოდა ორ მხარეს შორის დაძაბულობის გაღვივება”. მან მოუწოდა ქართულ და აფხაზურ მხარეებს დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

”მე მუდმივად ავღნიშნავ ხაზგასმით ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების რეჟიმის დაცვის აუცილებლობას გაეროს დამკვირვებელთა მისიის პასუხისმგებლობის ზონაში, რათა თავიდან იქნას აცილებული საომარი მოქმედებების განახლება და შეიქმნას ისეთი კლიმატი, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეებს შორის დიალოგის განახლებას,” – განაცხადა პან გი მუნმა.

”სამწუხაროდ, ზამთარში შედარებითი სტაბილურობის პერიოდის შემდეგ, ბოლო ოთხი თვის მანძილზე მოწმენი გავხდით დაძაბულობის განახლებისა, რაც აშკარა უთანხმოებებიდან წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას ან დარღვევას,” – განაცხადა მან.   

პან გი მუნმა ხაზი გაუსვა იმის საჭიროებას, რომ მონაწილე მხარეებმა უნდა დაიცვან ძალების დაშორიშორების რეჟიმი ”ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში, რომლის დროსაც დსთ-ს სამშვიდობო ძალებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დაშორიშორების უზრუნველყოფაზე”. 

 

Back to top button