ახალი ამბები

ბრაიზა: მოლაპარაკებები წინაპირობის გარეშე უნდა გაიმართოს

ჯერჯერობით გაურკვეველია მიიღებს თუ არა აფხაზური მხარე მონაწილეობას მომავალ კვირას ბერლინში დაგეგმილ მოლაპარაკებებში, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ 26 ივლისს.

ბრაიზამ 25 ივლისს სოხუმში აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრები და შეეცადა დაერწმუნებინა ისინი ქართულ მხარესთან განეახლებინათ მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სოხუმი, რომლის პოზიციასაც მოსკოვიც იზიარებს, თბილისთან მოლაპარაკებების განახლებისთვის ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანას და ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერას ითხოვს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთგვაროვანი განცხადებები გააკეთეს ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მეგობართა ჯგუფიც (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი დ აშშ) აპირებს მიიღოს მონაწილეობა.

აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან სოხუმში გამართული შეხვედრების შემდეგ ამერიკელი დიპლომატი ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს და მის მოადგილეს გიგა ბოკერიას შეხვდა.

26 ივლისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბრაიზამ მიანიშნა, რომ რუსეთზე დიდად არის დამოკიდებული აფხაზური მხარის თანხმობის მიღება მოლაპარაკებებზე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

”იმედია რუსეთი გვეტყვის, რომ გადატვირთული გრაფიკი არ აქვს ან საზაფხულო შვებულება არ არის და რუსეთი შეძლებს შემოგვიერთდეს ბერლინში რაც შეიძლება სწრაფად,” – განაცხადა მან. ”რუსეთზეა დამოუკიდებული გადაწყვიტოს, მიიჩნევს თუ არა საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ თუ ხელშემწყობად. მაგრამ დახმარება თუ სურს, მაშინ უნდა მოგვეხმაროს კონფლიქტის მოგვარებაში [გაეროს] უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციის თანახმად, რაც ჯერ არ ხდება”.

მან ასევე განაცხადა, რომ წინაპირობების დაყენება მოლაპარაკებების დასაწყებად ხელის შემწყობი ვერ იქნება.

”მე ვერ გამიგია, რატომ არ არის პირდაპირი მოლაპარაკებები სოხუმსა და თბილისს შორის. საქართველოს ხელისუფლება მზადაა,” – განაცხადა ბრაიზამ. ”ამისთვის არ უნდა არსებობდეს წინაპირობები; საჭიროა, რომ მხარეები შეხვდნენ, რათა განაახლონ სამშვიდობო პროცესი”.

”ამრიგად, თუ მხარეები სერიოზულად ეკიდებიან დაძაბულობას შემცირების აუცილებლობას და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას, მათ არ უნდა დააყენონ წინაპირობები, მაგრამ თუ მათ უბრალოდ დროის მოგება სურთ და პროცესის გაყინვა, მაშინ მათ ყოველთვის შეუძლიათ რაიმე საბაბის გამოძებნონ ამისთვის”. 

თუმცა, ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ წინაპირობების მოხსნის და მოლაპარაკებების განახლების ”საკმაოდ კარგი პერსპექტივები არსებობს.”

”მე გარკვეულ წილად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგანაც საერთაშორისო თანამეგობრობა და განსაკუთრებით ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობა ასე ძლიერად მოუწოდებს მხარეებს დაიწყონ მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე,” – განაცხადა მან.

მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, რომელიც მეგობართა ჯგუფის კოორდინატორია, ”ამ მცდელობებს სათავეში უდგას და საგარეო საქმეთა მინისტრი [ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი], ასევე კანცლერი [ანგელა მერკელი] პირად არიან პროცესში ჩართულები”.

ევროპელი დიპლომატებისგან განსხვავებით, რომლებიც გულგრილად უყურებენ არსებულ სამშვიდობო ოპერაციაში შესაძლო ცვლილებებს, ამ ეტაპზე მაინც, აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გალის რაიონში საპოლიციო ძალის მონაწილეობაა საჭირო – ეს წინადადება შესაბამისობაში მოდის თბილისის პოზიციასთან გალის და ოჩამჩირის რაიონებში საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ერთობლივი ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალის განთავსების თაობაზე.

”ერთი რამ ნათელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი როლი უნდა ითამაშოს გალის რაიონში მაინც, რათა ადგილობრივი მაცხოვრებლების, განსაკუთრებით დაბრუნებულ დევნილთა უსაფრთხოება უზრუნველყოს,” – განაცხადა ბრაიზამ. ”და რადგანაც დსთ-ს სამშვიდობოთა მანდატი არ შეიცავს სამართალდამცავ ფუნქციას, გალის რაიონში დიდი ვაკუუმია ამ მხრივ”.

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაიზას ასევე მოუხდა პასუხის გაცემა მის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებაზე, რომელიც ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანას ეხებოდა და რომელიც მან რუსულ ენაზე გააკეთა სოხუმში აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ.

კითხვაზე მოხდა თუ არა მისი არასწორი ინტერპრეტირება ან არასწორი ციტირება, ბრაიზამ განაცხადა: ”აშშ-ს არ გააჩნია ის პოზიცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვთხოვთ საქართველოს გამოიყვანოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალი ზემო კოდორის ხეობიდან; მოდით ეს ნათლად დავაფიქსიროთ”.

შემდეგ მან გაიხსენა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2008 წლის 15 აპრილს მიღებული რეზოლუცია აფხაზეთის შესახებ და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ ”სიტუაცია ზემო კოდორის ხეობაში შესააბამება წინა რეზოლუციებს და 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე”

გაეროს უშიშრობის საბჭოს მიერ აპრილში მიღებულ რეზოლუციაში სინამდვილეში ნათქვამია: ”[გაეროს უშიშროების საბჭო] ხაზს უსვამს ზემო კოდორის ხეობაში არსებულ სიტუაციაზე დაკვირვების საჭიროების, რომელიც [სიტუაცია] უნდა შეესაბამებოდეს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმებას”.

Back to top button