
ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი დააკავეს
ქართველმა სამართალდამცავებმა 25 ივლისს ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ლეიბორისტული პარტიის წევრი არჩილ ბენიძე დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 26 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ლეიბორისტულმა პარტიამ კატეგორიულად დაგმო მისი წევრის დაკავების ფაქტი და ხელისუფლება პარტიის აქტივისტების დევნაში დაადანაშაულა.
”პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ვერ გვიყიდა, ვერ გაგვტეხა, ვერ დაგვიმორჩილა, გადავიდა დაჭერებზე. გუშინ დააკავეს პარტიის გენერალური საბჭოს წევრი, გლდანის რაიონის კოორდინატორი არჩილ ბენიძე. მიზანი – ჩვენებების გამოძალვა ჩემს დასაჭერად,” – განაცხადა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.