ახალი ამბები

სოხუმი ბერლინის შეხვედრაზე უარს აცხადებს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 ივლისს სოხუმში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი მყარად დგანან თბილისთან მოლაპარაკებების განახლების თავიანთ წინაპირობებზე.

ბრაიზა სოხუმში ჩავიდა იმ მიზნით, რომ დაერწმუნებინა აფხაზური მხარე მონაწილეობა მიეღო ბერლინში მომავალ კვირას დაგეგმილ მოლაპარაკებებში, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. თუმცა, სოხუმი მოლაპარაკებების განახლებისთვის ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანას და ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერას ითხოვს.

”აფხაზური მხარე არ აპირებს, რომ ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანის საკითხი მოლაპარაკებების თემად აქციოს,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ”ძალების გაყვანა უნდა იყოს წინაპირობა მოლაპარაკების განახლებისთვის და არა მოლაპარაკების საგანი,” – დასძინა მან.

ბერლინში შემოთავაზებული შეხვედრის კომენტირებისას ლაკობამ განაცხდა: ”ამ საკითხს არც განვიხილავ. მას მხოლოდ მას შემდეგ განვიხილავთ, როცა ჩვენი წინაპირობები იქნება შესრულებული”.

”ჩვენ იგივე ცოტა ხნის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ვუთხარით,” – განაცხადა მან.

ანალოგიური პოზიცია გაახმოვანა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელმაც ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების განახლებამდე აფხაზური მხარის წინაპირობები უნდა შესრულდეს.

”მოლაპარაკებების განახლება ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანამდე იმის მაჩვენებელი იქნება, რომ აფხაზური მხარე იღებს ახალ არსებულ რეალობას [ზემო კოდორის ხეობაში], რომელიც ქართული მხარის უკანონო ქმედებების შედეგად წარმოიშვა,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ბრაიზასთან შეხვედრაზე გერმანული გეგმაც იქნა განხილული. შამბამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფხაზური მხარე მზად არ არის არ გეგმის მისაღებად იმ ფორმით, რა ფორმითაც ის წარმოადგინეს. თუმცა, ასევე აღინიშნა, რომ გეგმა პოზიტიურ ელემენტებსაც შეიცავს, როგორიცაა, შამბას თქმით, ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა. შამბამ და ლაკობამ განაცხადეს, რომ შემოთავაზებულ გეგმაში ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეთანხმებაზე და ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანაზე.

 

Back to top button