ახალი ამბები

ბრაიზა სოხუმში შეხვედრებს მართავს

მეთიუ ბრაიზა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დღეს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფთან და სხვა ლიდერებთან მართავს შეხვედრებს.

იგი მიზნად ისახავს დაარწმუნოს მხარეები გამართონ მოლაპარაკებები ბერლინში მომავალ კვირას გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის მონაწილეობის დაგეგმილ შეხვედრის დროს, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის მიერ შემუშავებული კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიანი გეგმა იქნება. სოხუმს პარალელურად სტუმრობს გერმანიის ელჩი საქართველოში პატრისია ფლორი. 

ბრაიზამ სოხუმში გამგზავრებამდე ქართველ მედიას განუცხადა, რომ მისი აზრით, გერმანულ გეგმაში  არის პოზიტიური ელემენტები, თუმცა ”ეს მხოლოდ წინადადებებია”.

”ეს უნდა იყოს გეგმა, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი მეგობრები თბილისსა და სოხუმში,”- აღნიშნა მან,  ”ამიტომ მოლაპარაკებებია საჭირო”.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი შეიძინა, დღეს ჟურნალისტებს განუცხადა: ”აფხაზები თუ სერიოზულად არიან განწყობილნი საკუთარ მომავალზე, მაშინ მათ ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან”.

Back to top button