
ბასილ მკალავიშვილი ციხიდან გამოვიდა
ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი დღეს ციხიდან გამოუშვეს. მან სასჯელი რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმის გამო მოიხადა.
ბასილ მკალავიშვილი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წლის მარტში გლდანში, მისივე აშენებულ ეკლესიაში მომხდარი შეტაკების შედეგად დააპატიმრეს. იგი 2005 წლის იანვარში სასამართლომ დამნაშავედ სცნო იეღოვას მოწმეთა და ბაფტისტ-ევანგელისტთა წინააღმდეგ 1999-2003 წლებში თავდასხმების ორგანიზებასა და განხორციელებაში, ასევე მათი ლიტერატურის დაწვაში და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მკალავიშვილი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1995 წელს განკვეთა, რადგან იგი ხშირად აკრიტიკებდა საპატრიარქოს იმის გამო, რომ რელიგიური სექტების წინააღმდეგ გადამჭრელ ზომებს არ იღებდა.
ამ ფაქტის შემდეგ საქართველო სულ უფრო ხშირად ხვდებოდა ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებში, როგორც ქვეყანა, რომელმაც რელიგიური უმცირესობებზე თავდასხმებით გაითქვა სახელი, ხოლო ბასილ მკალავიშვილი რელიგიური ექსტრემიზმის მთავარ ფიგურად მოიხსენიებოდა.