ახალი ამბები

რუსი სამშვიდობოები ცხინვალის რეგიონში უპილოტო თვითმფრინავების გამოჩენას იუწყებიან

24-25 ივლისის ღამეს რუსმა სამშვიდობოებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საფრენი აპარატების სამი არასანქცირებული ფრენა დააფიქსირეს, იუწყება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

რუსი სამშვიდობოების განცხადებით, მათ ”ჰერმესის” ტიპის უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი დააფიქსირეს.

შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ამ ფრენებით ირღვევა შეთანხმება კონფლიქტის ზონაში არასანქცირებული ფრენების თაობაზე და მოუწოდებს მხარეებს არ დაუშვან რეგიონში სიტუაციის ”ხელოვნური” დაძაბვა. 

მათი განცხადებით, 15 აპრილიდან 25 ივლისის ჩათვლით სულ 29 არასანქცირებული ფრენა განხორციელდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში.

თუმცა თბილისში უპილოტო თვითმფრინავების ფრენას არ ადასტურებენ.

”ეს ტყუილია,”- განუცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა Civil.ge-ს 25 ივლისს.

აფხაზური მხარის მტკიცებით, აფხაზეთის თავზე მფრინავი შვიდი უპილოტო ქართული თვითმფრინავი ჩამოაგდო 18 მარტიდან 12 მაისის პერიოდში. ქართულმა მხარემ მხოლოდ სამი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა. თბილისი ასევე აცხადებს, რომ თვითმფრინავები რუსული სამხედრო თვითმფრინავის ან საჰაერო თავდაცვის სისტემის BUK – SA 11 კრაზანას მიერ იქნა ჩამოგდებული.

ქართულმა მხარემ მაისის ბოლოს განაცხადა, რომ მან შეწყვიტა უპილოტო თვითმფრინავების ფრენები აფხაზეთის თავზე მას შემდეგ, რაც გაეროს დამკვირველებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევა. თუმცა, საფრთხის შემთხვევაში ფრენების განახლების უფლება დაიტოვა.

Back to top button