
მიხეილ ქარელი საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს თხოვს
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი საფრანგეთის პოლიციას ჩაბარდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, განაცხადა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა თეო ტლაშაძემ.
მისი თქმით, ქარელი მის მეგობარს ირაკლი ოქრუაშვილს სტუმრობდა პარიზში. ირაკლი ოქრუაშვილს საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი აპრილში მიანიჭა.
თუმცა საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ მიხეილ ქარელის ექსტრადიცია ითხოვს მას შემდეგ, რაც ”23 ივლისს საფრანგეთის პოლიციამ ძებნილი მიხეილ ქარელი დააკავა”.
”მიხეილ ქარელი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ 2007 წლის 29 ნოემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა,”- აცხადებს გენპროკურატურა 24 ივლისს, ”ვერსალის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ ქარელს უკვე შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა”.
ამავე ცნობით, უახლოეს ხანებში საფრანგეთის მხარეს გადაეცემა ესტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტაცია. ქარელს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ქრთამის აღება, ქრთამის აღების მცდელობა, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა და მითვისება/ გაფლანგვა.
მიხეილ ქარელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი, პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობიდან შარშან 12 სექტემბერს გაათავისუფლეს და 23 სექტემბერს დააპატიმრეს. თუმცა მალევე, 27 ოქტომბერს 200 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურატურის ცნობით, მან დამნაშავედ ცნო თავი მექრთამეობასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.