ახალი ამბები

აშშ აფხაზეთის კონფლიქტზე მოლაპარაკებების ორგანიზებას ცდილობს

მეთიუ ბრაიზა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რომელიც თბილისსა და სოხუმს 25 ივლისს ეწვევა, შეეცდება დაარწმუნოს მხარეები მომავალ კვირას ბერლინში შეხვედრა გამართონ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა მონაწილეობით.

”ეს არის ჩვენი მისწრაფება. არ ვიცი მოხდება ეს, თუ არა,” – განაცხადა ბრაიზამ ბრიუსელში ”როიტერთან” ინტერვიუში 24 ივლისს, ”მე მივემგზავრები თბილისსა და სოხუმში, რათა ვნახო შევძლებთ თუ არა მათ დარწმუნებას, რომ შეხვდნენ”.

”ჩვენ ყველამ საერთაშორისო თანამეგობრობიდან რუსეთს ნათლად უნდა დავანახოთ, რომ ის მართლაც ძალიან შორს წავიდა,” – განაგრძო ბრაიზამ, ”მან გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ძალიან პროვოკაციულია და ზოგიერთ ადამიანს საქართველოში აფიქრებინა, რომ მათი ერთადერთი გზა წინსვლისკენ ესკალაციაზე გადის, და ეს ის გზაა, რომელიც წარმატებას ვერ მოიტანს”.

სოხუმის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს მოლაპარაკებებს თბილისთან, თუ ის დათანხმდება ზემო კოდორის ხეობიდან ძალების გაყვანასა და ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერაზე.

მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ორი მთავარი წინაპირობა სრულმასშტაბიანი სამშვიდობო პროცესისთვის.

რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენა აუცილებელია დეესკალაციისთვის.

”ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა აფხაზებს და ქართველებს საშუალება მიეცეთ პირისპირ ისაუბრონ ყოველგვარი შეზღუდვების და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე,” – განაცხადა მან.

Back to top button